მაკრონი პუტინსა და ზელენსკის ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს

19.08.25 12:03
მაკრონი პუტინსა და ზელენსკის ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს

ემანულე მაკრონი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შვეიცარიის ქალაქი სამშვიდობო ძალისხმევისთვის ნეიტრალურ გარემოს შექმნის.

მაკრონის თქმით, პუტინისა და ზელენსკის ორმხრივი შეხვედრის ადგილმდებარეობა "უახლოეს საათებში" განისაზღვრება."

შეხვედრა ევროპაში უნდა ჩატარდეს. ეს მხოლოდ ჰიპოთეზა არ არის, ეს კოლექტიური ნებაა. შეხვედრა ნეიტრალურ ქვეყანაში უნდა მოხდეს. შესაძლოა, შვეიცარიაში. მე მხარს ჟენევას ვუჭერ. ან შეიძლება სხვა ქვეყანაში ჩატარდეს, ბოლოს ორმხრივი მოლაპარაკებები სტამბოლში იყო. გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, შემდეგ სამმხრივი შეხვედრა დონალდ ტრამპის მონაწილეობით, შემდეგ კი მრავალმხრივი შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელებიც იქნებიან. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს - პირველი  უსაფრთხოების გარანტია ეს არის ძლიერი უკრაინული არმია. ასი ათასობით სამხედრო, კარგად აღჭურვილი, თავდაცვის სისტემებითა და მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფილი. მეორე — კოალიციური ძალები: ბრიტანელები, ფრანგები, გერმანელები, თურქები და სხვა ქვეყნები, რომლებიც მზად არიან განახორციელონ პატრულირება  უკრაინის ცაში, ზღვაზე და ხმელეთზე - არა ფრონტის ხაზზე, არა პროვოკაციულად, არამედ სტრატეგიული სიგნალის გასაგზავნად, რომ ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში ასევე მათი საზრუნავიცაა", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებზე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვა გადაწყდა.

გამოცემა Axios-ის ცნობით, დონალდ ტრამპს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სურს.

 

მსგავსი სიახლეები