დიდი ნაბიჯი მშვიდობისკენ - ზელენსკი, ტრამპი და პუტინი ორ კვირაში უნდა შეხვდნენ: ვინ რისი დათმობისთვის არის მზად?
ზელენსკისა და ტრამპის მეორე შეხვედრა თეთრ სახლში წინა ვიზიტისგან განსხვავებით ბევრად უფრო მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა. პრეზიდენტები ერთმანეთს დაგეგმილ დროს შეხვდნენ, პრესკონფერენცია კი 26 წუთს გაგრძელდა და ძირითადად ომის დასრულებისა და უსაფრთხოების გარანტიებს შეეხო.
ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების წარმოსაჩენად ოვალურ კაბინეტში დიდი რუკა მოიტანეს, სადაც რუსული კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები იყო მონიშნული. „არანაირი ტერიტორიული დათმობა არ იქნება,“ – ზელენსკიმ ეს ტრამპს პირისპირ განუცხადა.
ვაშინგტონში უკრაინის ლიდერს ზურგს ევროპელი კოლეგები უმაგრებდნენ. ერთობლივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გარანტიებზე, ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს გრძელვადიან გეგმაზე და კოორდინირებულ მოქმედებებზე. ტრამპმა დააანონსა, რომ უკრაინის უსაფრთხოების დაცვის მძიმე ტვირთი ევროპამ უნდა იკისროს.
დასავლური გამოცემების ცნობით, შეხვედრის მსვლელობისას ტრამპი 40 წუთის განმავლობაში ესაუბრა პუტინს, შემდეგ კი დაბრუნდა და ევროპელ ლიდერებთან სამმხრივი ფორმატის შეთანხმებაზე განაგრძო მსჯელობა. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ზელენსკი–პუტინის შეხვედრა ორი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს, ხოლო მაკრონმა ადგილად შვეიცარია დაასახელა.
„მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დავსხდეთ,“ - ეს იყო ზელენსკის გზავნილი პუტინისთვის. რუსმა ლიდერმაც შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა. ახლა მთავარი კითხვად რჩება, ვინ და რა დათმობაზე წავა მშვიდობისთვის.
დასავლური მედიის შეფასებით, ეს იყო დიდი ნაბიჯი მშვიდობისკენ. ვაშინგტონის სამიტმა მნიშვნელობით გადაფარა ალასკაში ტრამპ–პუტინის შეხვედრა და აჩვენა, რომ ტრამპის პოზიცია დასავლეთის მხარეს გადაიხარა, რამაც ტრანსატლანტიკური ერთობა კიდევ უფრო გააძლიერა.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.