შვეიცარია პუტინს იმუნიტეტს მიანიჭებს, თუ ის ზელენსკისთან შეხვედრას დათანხმდება

19.08.25 20:12
შვეიცარია პუტინს იმუნიტეტს მიანიჭებს, თუ ის ზელენსკისთან შეხვედრას დათანხმდება

შვეიცარია მზად არის, რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს იმუნიტეტი მიანიჭოს, თუ ის ქვეყანაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩავა. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა განაცხადა, წერს Euractiv.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია ვალდებულია, პუტინი დააკავოს, რადგან ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მასზე ორდერი გასცა. მიუხედავად ამისა, კასისმა აღნიშნა, რომ გარკვეული გარემოებების შემთხვევაში რუს დიქტატორს შვეიცარიაში შესვლის ნებართვას მისცემენ.

„გასულ წელს შვეიცარიის მთავრობამ განსაზღვრა წესები იმუნიტეტის მინიჭებისთვის იმ პირისთვის, რომლის მიმართაც საერთაშორისო ორდერია გაცემული. ეს ეხება იმ შემთხვევას, როცა ის მშვიდობის კონფერენციაზე ჩამოდის და არა პირადი მიზეზებით“, – თქვა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კასისმა ასევე დაამატა, რომ შვეიცარია მზად არის, უმასპინძლოს პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ხაზი გაუსვა, რომ თავის ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი ღონისძიებების გამართვაში.

მიუხედავად ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი „გაცივდა“ შვეიცარიის მიმართ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.