ტრამპი უარზეა უკრაინაში აშშ-ს ჯარები გააგზავნოს, თუმცა მხარდაჭერის სხვა ვარიანტს განიხილავს
რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ამერიკელ სამხედროებს უკრაინაში არ გააგზავნიან, თუმცა აშშ მზად არის, უზრუნველყოს საჰაერო მხარდაჭერა. ამის შესახებ Fox News-თან საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, წერს Sky News.
„როდესაც უსაფრთხოებაზეა საუბარი, [ევროპელები] მზად არიან ადამიანები გაგზავნონ ადგილზე. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ საშუალებებით, განსაკუთრებით კი, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვით,“ – ციტირებს გამოცემა ტრამპის სიტყვებს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ასევე განმარტა, რომ საჰაერო მხარდაჭერა არის „ერთ-ერთი ვარიანტი და შესაძლებლობა“. მისი თქმით, პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ამერიკული ჯარები არ იქნებიან უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენ, უდავოდ, შეგვიძლია დახმარება კოორდინაციაში და შესაძლოა, სხვა სახის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის“.
Sky News აღნიშნავს, რომ საჰაერო მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმა - ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გადაცემა, ან საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოფა. ამიტომაც ჯერჯერობით ბუნდოვანია, რა როლს შეასრულებს აშშ შეთანხმებაში.
საუბრები უცხოელი სამხედროების შესაძლო გაგზავნაზე უკრაინაში მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა იგეგმება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. თავად ტრამპის თქმით, მათი მოლაპარაკებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომის შეწყვეტისთვის.
Sky News-ის ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა თვის ბოლომდე გაიმართოს, ხოლო შესაძლო ადგილებად განიხილება ჟენევა, ვენა, რომი, ბუდაპეშტი და დოჰა. ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად ჟენევა მიიჩნევა: რომი (ან ვატიკანი) არ მოსწონს რუსეთს, ბუდაპეშტი - უკრაინას.
ევროპელი მოკავშირეები მოითხოვენ, რომ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის ჩამოყალიბდეს ჯერ კიდევ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრამდე.