მაკრონი: მომდევნო 15 დღე კრიტიკული იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის

20.08.25 10:39
მაკრონი: მომდევნო 15 დღე კრიტიკული იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებისთვის ვაშინგტონის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ.

როგორც ფრანგმა ლიდერმა აღნიშნა სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში, რომელსაც Politico ციტირებს:

„შემდეგი 15 დღე ჩვენთვის აბსოლუტურად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დავასრულოთ მუშაობა ამერიკელებთან და ამ უსაფრთხოების გარანტიებს რეალური შინაარსი შევძინოთ,“ - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, თეთრ სახლში გამართული შეხვედრებისა და დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ალასკაზე მოლაპარაკებების შემდეგ, მოკავშირეები მზად არიან იმუშაონ უსაფრთხოების ახალი ფორმატების შემუშავებაზე.

„ბოლო დღეების მთავარი ცვლილება ის არის, რომ მან (ტრამპმა) აღიარა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა,“ – აღნიშნა მაკრონმა.

პრეზიდენტის თქმით, პარტნიორი ქვეყნები - მათ შორის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და თურქეთი, მზად არიან, განახორციელონ „სამშვიდობო ოპერაციები ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე“, თუმცა არა ფრონტის ხაზზე.

მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ მომავალმა შეთანხმებამ  უნდა უზრუნველყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ახალი აგრესიის შეკავება.

ასევე, საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ზელენსკის, პუტინისა და ტრამპის სამმხრივი შეხვედრის პოტენციურ ადგილად ჟენევა შეიძლება იქცეს, როგორც ისტორიულად ნეიტრალური სივრცე საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის.