Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში ძალების გასაგზავნად 10-მდე ქვეყანაა მზად

20.08.25 14:45
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში ძალების გასაგზავნად 10-მდე ქვეყანაა მზად

სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში ძალების გასაგზავნად 10-მდე ქვეყანაა მზად - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თქმით, 19 აგვისტოს ევროპელი მაღალჩინოსნების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების გაგზავნის გეგმა იყო. 

გამოცემის წყაროების განცხადებით, ევროპელების მიერ შემუშავებული გეგმის პირველი ეტაპი გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნითა და მათი პერსონალის შევსებით. გამოცემა წერს, რომ ამას, სავარაუდოდ, ძირითადად ევროპული ჯარისკაცებისგან დაკომპლექტებული მრავალეროვნული ჯგუფი, მათ შორის ასობით ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცი განახორციელებს, რომლებიც უკრაინაში ფრონტის ხაზიდან შორს განთავსდებიან.

Bloomberg-ის ცნობით, გეგმის კიდევ ერთი ნაწილი ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რაც მოიცავს სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას, საზღვრის მეთვალყურეობას, იარაღის მიწოდებას და, შესაძლოა, საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox & Friends-თან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიის სახით, უკრაინაში გაგზავნილ ევროპულ ძალებს საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს, თუმცა, მან ადგილზე ამერიკელი სამხედროების განლაგება გამორიცხა.

 

მსგავსი სიახლეები