ბრიტანეთი მზადაა, უკრაინაში სამხედროები გააგზავნოს, თუმცა არსებობს ნიუანსი - The Guardian
დიდი ბრიტანეთი, თუ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, მზად არის, უკრაინის ცისა და პორტების დასაცავად სამხედრო ძალები გააგზავნოს, თუმცა მათ ფრონტის ხაზის ახლოს არ განათავსებს, წერს The Guardian.
როგორც გამოცემა იუწყება, დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი ტონი რადაკინი ოთხშაბათს ამ საკითხზე კოლეგებს პენტაგონში განუცხადებს. შეხვედრის მიზანია 30 ქვეყნის ვალდებულებების საბოლოო შეთანხმება, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება.
გამოცემის ცნობით, რადაკინი დაადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს სამხედროებს, რომლებიც დაეხმარებიან ლოგისტიკურ მხარდაჭერასა და წვრთნებში, თუმცა ისინი არ განთავსდებიან რუსეთის საზღვართან.
„ოთხშაბათი ნამდვილად მნიშვნელოვანი მომენტია. ვაშინგტონში არაფერი ხდება პრეზიდენტის „მწვანე შუქის“ გარეშე, ამიტომ ტრამპის მხარდაჭერამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორშაბათს დიდი აქტივობა გამოიწვია,“ - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა.
სხვა ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ რადაკინი კიდევ ერთხელ გაიმეორებს თავდაცვის მინისტრ ჯონ გილის დაპირებას, რომ ქვეყანა მზად არის უკრაინაში სამხედროები განათავსოს „უსაფრთხო ცის, უსაფრთხო ზღვის უზრუნველსაყოფად და უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად“.
ორივე ოფიციალური პირის თქმით, ეს ნაბიჯი განიხილება როგორც ლოგისტიკური და სასწავლო დახმარება და არა როგორც ჯარების გაგზავნა ფრონტის წინა ხაზზე.