Bloomberg: იტალიის პრემიერის ინიციატივით, ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ახალ უსაფრთხოების მექანიზმებს განიხილავენ
იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის ინიციატივით, ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ახალ უსაფრთხოების მექანიზმებს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
ახალი მექანიზმის მიხედვით, რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების შემთხვევაში კიევის მოკავშირეები ვალდებულნი იქნებიან, 24 საათის განმავლობაში გადაწყვიტონ უკრაინისთვის სამხედრო ან ეკონომიკური მხარდაჭერის საკითხი. იტალიის პრემიერის თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც კიევთან ორმხრივი შეთანხმებები გააფორმეს, ახალი თავდასხმის შემთხვევაში სწრაფად უნდა შეათანხმონ თავიანთი ქმედებები.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საკითხი ეხება უკრაინისთვის სწრაფი თავდაცვის დახმარების, ფინანსური მხარდაჭერის, შეიარაღებული ძალების გაძლიერების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას.
ამ დროისთვის უცნობია ახალი უსაფრთხოების მექანიზმი მოიცავს თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების პირდაპირ გაგზავნას.
იტალიის პრემიერმინისტრის ინიციატივა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპს წააგავს, რის გამოც ჯორჯია მელონის წინადადებას "მსუბუქი NATO" უწოდეს, თუმცა ის უკრაინის NATO-ში ფაქტობრივ წევრობას არ ითვალისწინებს.