უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ამერიკულ საწარმოში ხანძარი გაჩნდა

21.08.25 13:02
უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ამერიკულ საწარმოში ხანძარი გაჩნდა

უკრაინაში, ზაკარპატიის მუკაჩევოში, გასულ ღამეს, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე რუსულმა ჯარებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, შედეგად ამერიკულ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავდა 15 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მუკაჩევოს საქალაქო საბჭოსა და ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დაშავებულები სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს. 

ერთ-ერთი რაკეტა ჩვენს დასავლეთ რეგიონში მდებარე დიდ ამერიკულ ელექტრონიკის ქარხანას მოხვდა, რამაც სერიოზული ზიანი და მსხვერპლი გამოიწვია," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ. 

მანვე აღნიშნა, რომ  ეს არის სრულიად სამოქალაქო ობიექტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თავდაცვასთან ან სამხედრო მოქმედებებთან.

ეს არ არის პირველი რუსული თავდასხმა ამერიკულ საწარმოებზე უკრაინაში, წელს კიევში Boeing-ის ოფისებზე დარტყმების და სხვა თავდასხმების შემდეგ," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.