„პუტინი დაგვცინის და ხაფანგებს გვიგებს“ - კალასის შეფასება უკრაინის ომის მოლაპარაკებებზე
ალასკასა და ვაშინგტონში გამართულმა სამიტებმა რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს ზუსტად ის მისცა, რაც სურდა, - აცხადებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ კრემლი დასცინის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს ომი უკრაინაში.
როგორც Politico წერს, კალასის აზრით, ტრამპის ძალისხმევა უკრაინის ომის დასასრულებლად პუტინისთვის სერიოზულ პროპაგანდისტულ გამარჯვებად იქცა.
„ცხადია, რუსეთს არ სურს მშვიდობა… პუტინის ყველა დაპირება, რაც აქამდე გასცა, არ შეუსრულებია,“ - აღნიშნა მან და დაამატა, რომ ალასკის სამიტი კრემლისთვის „პიარ-ჯეკპოტი“ იყო.
კალასმა ტრამპის ძალისხმევა დადებითად შეაფასა, თუმცა განაცხადა, რომ პუტინი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლებად არის მზად მოლაპარაკებებისთვის, „რადგან მან მიიღო ის, რაც სურდა ამ შეხვედრიდან“.
„პუტინი უბრალოდ დაგვცინის, მკვლელობებს კი არ წყვეტს, არამედ პირიქით, ზრდის მათ რაოდენობას,“ — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.
კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთმა დღემდე არ გააკეთა არცერთი დათმობა მოლაპარაკებებში, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის არის აგრესორი. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ფოკუსირება უკრაინის ტერიტორიების დათმობაზე არის „ხაფანგი, რომელშიც პუტინი ცდილობს ისინი გააბას“.
კალასის თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა ჯერ არ გადადგეს „კონკრეტული ნაბიჯები“ და ახლა მათ უნდა გადაწყვიტონ, რა სახის ძალების შექმნაში შეიტანენ წვლილს უკრაინაში შემაკავებელი მექანიზმების გასაძლიერებლად.