აშშ უკრაინას 3350 ერთეულ შორი მოქმედების რაკეტას გადასცემს - WSJ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა უკრაინისთვის 3350 ერთეული ერთეული შორ მანძილზე მოქმედი ( 350-450კმ) რაკეტის (ERAM) გაყიდვა.
როგორც The Wall Street Journal ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ გაყიდვას გასულ კვირას დაუჭირა მხარი. რაკეტები უკრაინაში დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ უნდა ჩავიდეს.
ამავდროულად, რამდენიმე აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ERAM-ის გამოყენებისთვის უკრაინას პენტაგონის ნებართვა დასჭირდება. გამოცემა ასევე ახსენებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ 2023 წლიდან უკრაინას ასობით ATACMS კომპლექსი გადასცა. თავდაპირველად ბაიდენის დროს დაწესებული შეზღუდვები ATACMS-ის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე მოიხსნა 2024 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალები ომში რუსეთს შეუერთდნენ.
ბოლო ATACMS კომპლექსები, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში გაგზავნისთვის იყო ნებადართული, გაზაფხულზე ჩავიდა, და ოფიციალური პირების თქმით, კიევს მხოლოდ მცირე მარაგი დარჩა.
აქამდე ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინისთვის შორეული მოქმედების JASSM რაკეტების გადაცემას არ გეგმავდა და ხაზს უსვამდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს.
ამავდროულად, WSJ წერს, რომ პენტაგონი უკვე რამდენიმე თვეა ბლოკავს უკრაინის მიერ შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. აღნიშნულია, რომ მინიმუმ ერთხელ უკრაინამ სცადა ATACMS-ის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეზე, მაგრამ ნებართვა არ მისცეს.
გამოცემის ინფორმაციით, პენტაგონმა ნებართვა უარყო იმ მიზეზით, რომ თეთრი სახლი ცდილობდა, მოსკოვი მშვიდობის მოლაპარაკებების დაწყებაში დაერწმუნებინა.