ლიეტუვაში დააკავეს 10-ზე მეტი პირი, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ

24.08.25 09:53
ლიეტუვაში დააკავეს 10-ზე მეტი პირი, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ

ლიეტუვის სამართალდამცავებმა კაუნასის ერთ-ერთი კომპანიის 11 თანამშრომელი - მათ შორის მენეჯერები და მძღოლები, მოლდოვისა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს. საქმე ეხება ოპერაციას, რომელიც მიმართული იყო „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების განსაკუთრებულად გამჭოლი სქემის აღსაკვეთად“. ამის შესახებ Euronews ლიეტუვის საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურზე დაყრდნობით წერს.

გამოძიების თანახმად, კომპანიამ შეიმუშავა ჩრდილოვანი სქემა, რომლის საშუალებითაც რუსეთში მიეწოდებოდა წყლის გამწმენდი დანადგარები. აღჭურვილობა იქმნებოდა ევროკავშირსა და ჩინეთში წარმოებული კომპონენტებისგან და გამოიყენებოდა რუსეთის ნავთობმრეწველობაში. ოფიციალურად, კაუნასის ფირმის პროდუქცია პორტუგალიურ კომპანიას ეგზავნებოდა, მაგრამ რეალურად იგი ბულგარეთის გავლით თურქეთში გადაჰქონდათ, საიდანაც რუსეთში ხვდებოდა.

კაუნასის კომპანია, რომელსაც ჰქონდა მჭიდრო და მუდმივი კავშირები რუსეთში მოქმედ საწარმოებთან, აქტიურად მონაწილეობდა რუსეთში განხორციელებულ პროექტებში. ერთ-ერთი ასეთი პროექტი დაკავშირებულია რუსულ ჰოლდინგთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად მზარდ ნავთობქიმიურ კომპანიად ითვლება, - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

გამოძიების ფარგლებში ამოღებულ იქნა რამდენიმე ტონა აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე, იქნა დაკავებული ორი სატვირთო მანქანა აღნიშნული ტექნიკით: ერთი - კაუნასში, მეორე - ლიეტუვა-პოლონეთის საზღვრის მიმართულებით. მესამე პარტია ბულგარეთში შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები