უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
უკრაინა მეოთხედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის პირობებში და უკვე მეთორმეტედ - მას შემდეგ, რაც 2014 წლის დასაწყისში რუსეთი ყირიმსა და დონბასში შეიჭრა. 34 წლიდან, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა, მინიმუმ მესამედი სწორედ ომის პირობებში გავიდა.
მიუხედავად ამისა, უკრაინელთა უდიდესი ნაწილი მომავალს მაინც საკუთარ ქვეყანაში ხედავს. „დემინიციატივების ფონდისა“ და „რაცუმკოვის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83%-მა განაცხადა, რომ სურს ცხოვრება და მომავლის შენება უკრაინაში. ეს მაჩვენებელი 2025 წლის აგვისტოში 13 პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე ხუთი წლის წინ დაფიქსირებული იყო (70% – 2020 წელს).
გამოკითხვის თანახმად, თუ დღეს გაიმართებოდა რეფერენდუმი უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ, მას მხარს დაუჭერდა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – 82%. მხოლოდ 3% გამოვიდოდა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე დღეს ვოლოდიმირ ზელესკიმ მიულოცა.
ჩვენ ვაშენებთ ისეთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა და სიმტკიცე, რათა იცხოვროს უსაფრთხოებასა და მშვიდობაში. იმისათვის, რომ ამ მოედანზე, ჩვენი დამოუკიდებლობის მოედანზე, ჩვენი დროშების ქვეშ, საკუთარ მიწაზე ჩვენი შვილები და შვილიშვილები აღნიშნავდნენ დამოუკიდებლობის დღეს. მშვიდობაში. სიმშვიდეში. მომავლის რწმენით. პატივისცემით. და მადლიერებით ყველას მიმართ, ვინც დაიცვა უკრაინა ამ ომში დამოუკიდებლობისთვის, ვინც გაუძლო, ვინც შეძლო, ვინც გაიმარჯვა. ასეთი მიზნისთვის ღირს ცხოვრება. ამისთვისაც ვდგავართ. გილოცავთ, დიადო ხალხო დიადი ქვეყნისა! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!, - აღნიშნა ზელენსკიმ.