მოსკოვში ეფ ეს ბე-ს შტაბ-ბინის გვერდით მდებარე საბავშვო მაღაზიაში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი
მოსკოვის ცენტრალურ საბავშვო მაღაზიაში ძლიერი აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის ФСБ-ს მაღალი რანგის თანამშრომელია.
სავარაუდოდ, აფეთქება ბუშტებისთვის განკუთვნილი გაზის ბალონის გამო მოხდა. ინციდენტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
რუსეთის საგანგებო კომისიის ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა 55 წლის ФСБ-ს თანამშრომელი ალექსეი ტიტოვი. მისი სამსახურებრივი მოწმობა შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს. ტიტოვი მძიმე მდგომარეობაშია, ის ხელოვნურ კომაშია შეყვანილი.
ტიტოვის მეუღლის განცხადებით, შესაძლოა ის მეზობელი ოფისიდან ლანჩზე იყო გასული. ცნობილია ასევე, რომ ტიტოვი ФСБ-ში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა.
გამოძიების კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა, თუმცა რომელი მუხლით - ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.