რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად 8 ადამიანია დაღუპული: უკრაინა ჩინეთის და უნგრეთის რეაქციას ელის - ზელენსკი

28.08.25 10:16
რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად 8 ადამიანია დაღუპული: უკრაინა ჩინეთის და უნგრეთის რეაქციას ელის - ზელენსკი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ნანგრევებში შესაძლოა ისევ რჩებოდნენ ადამიანები. დაშავებულთა რაოდენობა ათეულებს აღწევს.

„ეს დღევანდელი რუსული რაკეტები და თავდასხმითი დრონები არის მკაფიო პასუხი ყველასთვის მსოფლიოში, ვინც კვირების და თვეების განმავლობაში მოითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ დიპლომატიას. რუსეთი ირჩევს ბალისტიკას, და არა მოლაპარაკების მაგიდას“, - დაწერა მან Telegram-ზე.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი სარგებლობს იმით, რომ „მსოფლიოს ნაწილი“ თვალს ხუჭავს მოკლულ ბავშვებზე. ამიტომაც იგი ელოდება რეაქციას, განსაკუთრებით კი ჩინეთისგან მიმდინარე მოვლენებზე, რადგან სწორედ ჩინეთი არაერთხელ მოუწოდებდა „ომის გაფართოების თავიდან აცილებისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ“.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე ელოდება უნგრეთის რეაქციას.

„ბავშვების სიკვდილი უნდა იწვევდეს გაცილებით ძლიერ ემოციებს, ვიდრე რაიმე სხვა. ჩვენ ველით რეაქციას ყველა იმისგან, ვინც მოითხოვდა მშვიდობას, მაგრამ ახლა უფრო ხშირად დუმს, ვიდრე პრინციპულ პოზიციას იკავებს,“ - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მან აღნიშნა, რომ უკვე დადგა დრო რუსეთის წინააღმდეგ ახალი და მკაცრი სანქციების შემოღებისთვის, რადგან „ყველა დათქმული ვადა უკვე დარღვეულია“, ხოლო დიპლომატიის ათობით შესაძლებლობა - დაზიანებული.