უკრაინამ რუსეთში კიდევ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა რუსეთში მდებარე ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ იწვის აფიპსკისა და ნოვოკუიბიშევსკის საწარმოები.
უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმების შედეგად რუსეთში საწვავის წარმოება დამატებით 4.7%-ით შემცირდა. სამარის რეგიონში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ქარხნის წლიური სიმძლავრე 7 მილიონ ტონას შეადგენს (საერთო მოცულობის 2.5%), ხოლო კრასნოდარის რეგიონის აფიპსკის ქარხანა წელიწადში 6.25 მილიონ ტონას ამუშავებს (საერთო მოცულობის 2.2%).
უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ, დაადასტურა, რომ უკრაინა მიზანმიმართულად ბომბავს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს. მისი თქმით, მხოლოდ აგვისტოს ორი კვირის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნის ნავთობის წარმოება 21%-ით დაეცა.