მედია: ევროკავშირი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში მეტ სამხედრო ინსტრუქტორს გაგზავნის
ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM Ukraine) მანდატის გაგრძელებას, რაც სამხედრო ინსტრუქტორების განლაგებას მოიცავს.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, 29 აგვისტოს კოპენჰაგენში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა უკვე 80 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაწვრთნა და ისინი მზად უნდა იყვნენ მეტის გასაკეთებლად.
მივესალმები დღევანდელ ფართო მხარდაჭერას ჩვენი სამხედრო მისიის EUMAM-ის მანდატის გაგრძელების შესახებ, რათა ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ტრენინგები და კონსულტაციები ჩაატაროს... ჩვენ უკვე 80 000-ზე მეტი ჯარისკაცი გავწვრთენით და მზად უნდა ვიყოთ მეტის გასაკეთებლად," - განაცხადა მან.
უმაღლესმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს "ევროკავშირის ინსტრუქტორების განლაგებას სამხედრო აკადემიებსა და დაწესებულებებში". პარალელურად, ევროპულ სამოქალაქო მისიას შეუძლია გააძლიეროს უკრაინის მდგრადობა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების მიმართ.
გამოცემა წერს, რომ კალასის აზრით, უკრაინის ბრძოლის ველზე მიღებული გამოცდილება "შეიძლება ევროპის ძლიერ მხარედ იქცეს", ხოლო ევროპული მხარე უკრაინას ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოების ხაზების გახსნასა და ინვესტიციების წახალისებაში დაეხმარება.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ცხრა პრიორიტეტული სფერო გამოავლინეს (თავდაცვის ხარჯებში), როგორიცაა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, დრონები, საბრძოლო მასალა. დღეს მინისტრებმა ყველაზე დიდი ხარვეზების აღმოფხვრის გზები განიხილეს, - განაცხადა უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 17 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება EUMAM Ukraine-ის ორწლიანი ვადით დაწყების შესახებ, რათა უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა და ხელი შეეწყო მისი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის.
2024 წლის ნოემბერში ევროკავშირის საბჭომ EUMAM Ukraine-ის ვადა კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა და მისთვის 409 მილიონი ევრო გამოყო.