აშშ-მ პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს და სხვა ლიდერებს ნიუ-იორკში გაეროს სხდომაზე დასწრება აუკრძალა
აშშ-მა გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასისა და სხვა ოფიციალური პირების ვიზები გააუქმა და მათ გაეროს სხდომაზე დასწრება აუკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა, რომ ჩვენს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის ის, რომ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასა (PLO) და პალესტინის ადმინისტრაციას (PA) თავიანთი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის შეფერხებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა აშშ-ს მოუწოდა, გადახედოს გადაწყვეტილებას პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე.
აბასის ოფისში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მათთვის „სრულიად შოკის მომგვრელი იყო“, რადგანაც ეს ნაბიჯი „საერთაშორისო სამართალსა და გაერო-ს შტაბ-ბინის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს დამკვირვებელი წევრია“.