რა საკითხები განიხილეს ევროკავშირის პირველი დიპლომატების არაფორმალური შეხვედრაზე - კაი კალასის კომენტარი

30.08.25 19:02
რა საკითხები განიხილეს ევროკავშირის პირველი დიპლომატების არაფორმალური შეხვედრაზე - კაი კალასის კომენტარი

კოპენჰაგენში ევროკავშირის პირველი დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა დასრულდა, როგორც შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის საკითხი განიხილეს და  რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ იმსჯელეს.

კალასის თქმით, მინისტრებმა „განიხილეს გზები რუსეთზე ზეწოლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, რათა რეალური მოლაპარაკებები დაიწყოს“.

ამასთან, კაია კალასმა სანქციების სამომავლო პაკეტის შესაძლო ელემენტებიც დაასახელა: მეორადი სანქციები „რუსეთის ომს მხარდამჭერთა წინააღმდეგ“; რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა; ტარიფები; „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან ბრძოლის ღონისძიებების გაძლიერება.

კალასის განმარტებით, „მინისტრებმა ასევე განიხილეს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციისთვის.

„რუსეთის მიერ უკრაინაში გამოწვეული დანაკარგების გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა ოდესმე კვლავ დაინახოს ეს ფული, თუ სრულად არ ანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

„აშკარაა, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ ემზადება, პირიქით, ისინი უფრო მეტი ომისთვის ემზადებიან. მიმდინარე კვირაში რუსეთმა კიევზე ომის დაწყების შემდეგ მეორე უდიდესი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. დარტყმებს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა“, – აღნიშნავს კალასი.

ცნობისთვის, კოპენჰაგენში ევროკავშირის პირველი დიპლომატების არაფორმალური შეხვედრაა, რომელსაც ასევე ესწრებიან ისლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, ეროკომისრები და საგარეო კომიტეტის თავჯდომარე, დევიდ მაკალისტერი. განხილვის მთავარი თემა უკრაინა იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა კოპენჰაგენში შეკრებილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო.

მან მინისტრების არაფორმალურ სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთი მთელი ევროპისა და ტრანსატლანტიკური სივრცისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება.

ანდრეი სიბიგამ საგარეო საქმეთა მინისტრებს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დარტყმების გაძლიერების შესახებ აცნობა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

მსგავსი სიახლეები