„პუტინი არ შეცვლილა და აღარ შეიცვლება“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიდევ ერთხელ მკაცრად დაუპირისპირდა ვლადიმირ პუტინს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ პუტინი „არ შეცვლილა და აღარ შეიცვლება - ის მტაცებელია, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთში, საქართველოში, ყირიმში და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით“.
ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის ლიდერის შეკავება მხოლოდ ძალის დემონსტრირებით არის შესაძლებელი:
„გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პუტინს მხოლოდ ძლიერი შეკავება აჩერებს. ამიტომ ევროკავშირში აუცილებელია კოორდინირებული და სწრაფი ნაბიჯები ჩვენი თავდაცვის პოზიციების გასაძლიერებლად. უახლოეს კვირებში ჩვენ წარვადგენთ გზამკვლევს, თუ როგორ უნდა ჩაიდოს დამატებითი სახსრები ევროპის თავდაცვაში,“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, უკრაინა დღეს ევროპული უსაფრთხოების პირველი დამცავი ხაზია.
„უკრაინული არმია არის ის ფოლადის ზღარბი, რომელიც დამპყრობლებს ვერ გადაეყლაპებათ. მეორე ხაზი არის მრავალეროვნული "მსურველთა კოალიცია" ამერიკის მხარდაჭერით, ხოლო მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი ჩვენი საკუთარი თავდაცვითი პოზიციაა. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა,“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.