ჩინეთი და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ
31 აგვისტოს ჩინეთის ქალაქ ტიანძინში ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ყალიბდება.
ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და სომხეთს ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც ბოლო 33 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა. მისი თქმით, პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში.
ფაშინიანმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი იმედოვნებს ჩინეთის გამოცდილების გამოყენებას ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. მან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეაფასა როგორც ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე გადასვლის შესაძლებლობა. ფაშინიანმა ასევე დაადასტურა სომხეთის ერთგულება „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპისადმი.
ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ფაშინიანი ტიანძინში იმყოფება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტსა და მეორე მსოფლიო ომში ჩინეთის წინააღმდეგობის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად.