სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს

02.09.25 10:07
სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას ვლადიმირ პუტინთან, 5 სექტემბერს სლოვაკეთის აღმოსავლეთში გეგმავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას. ამის შესახებ ფიცომ 1 სექტემბერს, ღამით, ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე ფიცო 2 და 4 სექტემბერს პეკინში შეხვდება პუტინს და სი ძინპინს. ის ჩინეთში მიიწვიეს მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე, რომელსაც პუტინიც დაესწრება.

ფიცო, რომელიც ხშირად აკრიტიკებს უკრაინას, ევროკავშირის ერთადერთი ლიდერია, ვინც 9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმს დაესწრო.

ბოლო პერიოდში სლოვაკეთმა და უნგრეთმა, რუსულ საწვავზე დამოკიდებულმა ქვეყნებმა, ბრიუსელს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.