რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქს დაარტყა: არიან დაღუპული და დაშავებულები
ღამით, 2 სექტემბერს, ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს ბელოცერკოვის თემს (კიევის ოლქი), რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. იერიშის სამიზნე გახდა აგრეთვე სუმი და ოდესის ოლქი.
ბელოცერკოვის საქალაქო საბჭოს მდივნის, ვლადიმირ ვოვკოტრუბის განცხადებით, „დადასტურებულია ინფრომაცია ერთი დაღუპულის და რამდენიმე დაშავებულის შესახებ“.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კალაშნიკმა განმარტა, რომ დაღუპულის ცხედარი მაშველებმა ავტოფარეხების კოოპერატივის ხანძრის ჩაქრობისას აღმოაჩინეს.
მისი თქმით, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფანჯრები, გაჩნდა ხანძარი სავაჭრო და საწარმოო ობიექტებში. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დრონებით მასირებულმა იერიშმა გამოიწვია ანგარისა და სამსართულიანი საწარმოს შენობის განადგურება და ხანძარი. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
სუმში დრონებმა დააზიანეს არასაცხოვრებელი შენობები ზარეჩნიის რაიონში. ადგილობრივი მერის, არტემ კობზარის განცხადებით, ორი აფეთქება სწორედ მტრის უპილოტო აპარატების დარტყმის შედეგი იყო. არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვი.
ოდესის ოლქში, იზმაილის რაიონის პორტის ინფრასტრუქტურა კვლავ შეტევის სამიზნე გახდა. რაიონის ადმინისტრაციის ცნობით, დროული რეაგირების შედეგად თავიდან იქნა აცილებული მასშტაბური დაზიანება და მსხვერპლი. ადგილზე გაჩენილი ხანძარი ოპერატიულად ჩააქრეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, 1-2 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინას შეუტია 150 საბრძოლო დრონით Shahed და სხვადასხვა ტიპის იმიტატორით, რომლებიც გაიშვა რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან (კურსკი, ბრიანსკი, მილეროვო, პრიმორსკო-ახტარსკი) და ოკუპირებული ყირიმიდან.
08:00 საათის მდგომარეობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ან გაანეიტრალა 120 დრონი. თუმცა 30-მდე უპილოტო აპარატი 9 სხვადასხვა ლოკაციაზე მაინც ჩავარდა. თავდასხმას ებრძოდნენ ავიაცია, საზენიტო რაკეტები, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფები და მობილური ცეცხლის ჯგუფები.