პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმს პუტინი და კიმ ჩენ ინი დაესწრნენ
ჩინეთის დედაქალაქში გაიმართა სამხედრო აღლუმი „იაპონელ დამპყრობლებთან გამარჯვებისა და მსოფლიო ანტიფაშისტური ომის“ 80 წლისთავის აღსანიშნავად.
ღონისძიებას 25-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის - ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი. ცენტრალურ ტრიბუნაზე მათთან ერთად გამოჩნდა სი ძინპინი, რომლის გვერდითაც ისხდნენ პუტინი და კიმი.
აღლუმში მონაწილეობდა დაახლოებით 10 ათასი სამხედრო და ასეულობით ერთეული სახმელეთო და საჰაერო ტექნიკა. პირველად საჯაროდ წარმოადგინეს ჩინეთის სტრატეგიული ბირთვული ტრიადის ნაწილი.
სიტყვით გამოსვლისას სი ძინპინმა მსოფლიოს მოუწოდა მშვიდობისა და თანასწორი თანამშრომლობისკენ, ხაზი გაუსვა ისტორიული ტრაგედიების თავიდან აცილებისა და საერთო უსაფრთხოების აუცილებლობას.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ღონისძიებას მხოლოდ სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო დაესწრო.