მაკრონი: ევროპული ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ
ევროპის ქვეყნებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადეს - სწორედ ამ შედეგით დასრულდა პარიზში გამართული შეხვედრა ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკვე არსებობს გასაიდუმლოებული დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული, რა სახის გარანტიები უნდა გადასცენ პარტნიორებმა კიევს. დოკუმენტის შემუშავება თავდაცვის მინისტრების დონეზე განხორციელდა.
„ევროპელები მზად არიან უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზონ, როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება,“ – განაცხადა მაკრონმა.
უსაფრთხოების გარანტიების საკითხს დღეს, 4 სექტემბერს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ 30-მდე ქვეყნის ლიდერი განიხილავს.