კირ სტარმერი: "პუტინის ნდობა არ შეიძლება"

04.09.25 16:50
კირ სტარმერი: "პუტინის ნდობა არ შეიძლება"

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლის გასაძლიერებლად კიდევ მეტი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

„პუტინს ნდობა არ შეიძლება. ეს კიდევ უფრო ნათლად აჩვენა გასულ კვირას კიევში განხორციელებულმა თავდასხმებმა, რომლებმაც სერიოზული ზიანი მიაყენა ბრიტანეთის საბჭოსა და ევროკავშირის დელეგაციის შენობებს,“ – აღნიშნა სტარმერმა, რომელიც შეხვედრას ონლაინ შეუერთდა.

მისი თქმით, ახლა კიდევ უფრო აუცილებელია ზეწოლის გაძლიერება, რათა ომის შეწყვეტა უზრუნველყოფილი გახდეს.

სტარმერი ასევე მიესალმა კოალიციის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების შესახებ.

პარიზში გამართულ სამიტს 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაში პირადად მონაწილეობდნენ ევროკავშირის ექვსი ქვეყნის ლიდერები, ევროკავშირის ხელმძღვანელობა და უკრაინის პრეზიდენტი, ხოლო დანარჩენები ონლაინ ჩაერთვნენ. ცნობილია, რომ შეხვედრა დროებით დატოვა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, რაც, საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განმარტებით, სხვა შეხვედრას უკავშირდებოდა.

მსგავსი სიახლეები