ზელენსკი, მოსკოვში შეხვედრასთან დაკავშირებით, პუტინის შეთავაზებას პასუხობს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად აუცილებელია მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. მისი თქმით, რუსეთი პროცესს აჭიანურებს, თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ მოსკოვი საუბრობს შეხვედრის შესაძლებლობაზე, პოზიტიურ სიგნალად მიაჩნია.
ზელენსკიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პუტინის მიწვევაზე მოსკოვში და აღნიშნა: „გინდა, რომ შეხვედრა არ შედგეს? - დამპატიჟე მოსკოვში.“
ეს სურვილის საკითხი არ არის, ეს აუცილებელია. ჩვენ ვუჭერთ მხარს ნებისმიერ ფორმატს - როგორც სამმხრივს, ისე ორმხრივსაც. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეხვედრა გადაიდოს. ამერიკელმა პარტნიორებმა გადმოგვცეს, რომ პუტინმა დამპატიჟა მოსკოვში. გინდა, რომ შეხვედრა არ შედგეს? - უნდა დამპატიჟო მოსკოვში. ამიტომ ვფიქრობ, რომ თავად ის ფაქტი, რომ რუსეთმა შეხვედრაზე დაიწყო ლაპარაკი, უკვე ცუდი არ არის. მაგრამ ჯერჯერობით მათ ომის დასრულების სურვილს ვერ ვხედავთ. ასეთი დონის ლიდერები შეხვედრიდან შედეგით უნდა გამოვიდნენ. სასურველია - ომის დასრულებით,“ — განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ პარტნიორები შეთანხმდნენ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კონტინგენტის ყოფნაზე უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში - როგორც ჰაერში და ზღვაზე, ისე ხმელეთზე.