82 წლის ჯო ბაიდენმა შუბლზე სიმსივნის მოცილების ოპერაცია გაიკეთა - The Times
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შუბლზე კიბოს უჯრედების მოცილების ოპერაცია გაიკეთა. მას ჩაუტარდა „მოსის ოპერაცია“ - პროცედურა, რომლის დროსაც კიბოს ქსოვილს ეტაპობრივად აშორებენ მანამ, სანამ კანის ზედაპირზე ავთვისებიანი კერები აღარ რჩება. ბაიდენის პრეს-მდივნის თქმით, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. მსგავსი ჩარევა 2023 წელს მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის, თვალის ზედა ნაწილზეც განხორციელდა.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც 82 წლის ბაიდენი დელავერის ეკლესიიდან გამოსვლისას შუბლზე გადახვეული სახვევით ჩანს.
ეს ბაიდენისთვის კიბოსთან პირველი ბრძოლა არ არის. მანამდე მას არაერთხელ ამოაჭრეს კანის ნემელანომური სიმსივნეები. 2023 წლის თებერვალში იგი მკერდიდან ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის მოცილებას დაექვემდებარა, ხოლო 2025 წლის მაისში განაცხადა, რომ აღმოაჩნდა პროსტატის ჯირკვლის აგრესიული კიბო, რომელიც ძვლებშიც გავრცელდა.
„კიბო ყველას ეხება. ჩვენ ჯილთან ერთად ვისწავლეთ, რომ უფრო ძლიერები ვხდებით იქ, სადაც ოდესღაც გატეხილები ვიყავით. მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც გვაძლიერებს,“ — წერდა ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში.