პირველად, შეტევის შედეგად, დაზიანდა მთავრობის შენობა - უკრაინის პრემიერი
რუსეთმა 7 სექტემბრის ღამით უკრაინას მორიგი მასირებული დარტყმა მიაყენა. ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის კიევი, ოდესა, დნეპრი, კრივოი როგი და სხვები. პირველად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შეტევის შედეგად დაზიანდა მთავრობის შენობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ.
„დაზიანებულია სახურავი და ზედა სართულები. მაშველები ხანძარს აქრობენ. მადლობას ვუხდი მათ შრომისთვის. შენობებს ჩვენ აღვადგენთ, მაგრამ დაკარგულ სიცოცხლეს ვერავინ დააბრუნებს. მტერი ყოველდღიურად ატერორებს და კლავს ჩვენს ხალხს მთელ ქვეყანაში,“ - აღნიშნა მან Telegram-ზე.
სვირიდენკომ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიომ უნდა დაიწყოს რეალური მოქმედება.. კერძოდ, აუცილებელია რუსეთის მიმართ სანქციური ზეწოლის გაძლიერება - მისი გაზისა და ნავთობის წინააღმდეგ.
„და მთავარი - უკრაინას სჭირდება იარაღი. ის, რაც შეაჩერებს ტერორს და არ მისცემს რუსეთს შესაძლებლობას ყოველდღიურად მოკლას უკრაინელები,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.