დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში: თალიბანმა ქალების გადარჩენა აკრძალა - NYT
ბოლო დღეებში ავღანეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების სერიის შემდეგ, „თალიბანის“ კონტროლქვეშ მყოფ სამაშველო სამსახურებს ნანგრევებიდან მხოლოდ მამაკაცები გამოჰყავდათ. ქალები ბედის ანაბარა რჩებოდნენ, რადგან ასე მოითხოვს თალიბური ისლამის ინტერპრეტაცია, - წერს The New York Times.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თალიბები საკმაოდ მკაცრ რელიგიურ შეხედულებებს მისდევენ, რომლებიც კრძალავს მამაკაცსა და ქალს შორის ფიზიკურ შეხებას, თუ ისინი ოჯახის წევრები არ არიან - თუნდაც საგანგებო სიტუაციებში. ამიტომ, როცა მაშველებს ნანგრევებიდან ადამიანები გამოჰყავდათ, ისინი მხოლოდ მამაკაცებსა და ბავშვებს შველოდნენ, ხოლო ქალებსა და მოზარდ გოგონებს, რომლებიც სისხლისგან იცლებოდნენ, გვერდს უვლიდნენ.
კონარის პროვინციაში სამაშველო გუნდის ერთ-ერთმა მოხალისემ განაცხადა, რომ ისინი ეჭვობდნენ, უნდა გამოეყვანათ თუ არა ნანგრევებში მოყოლილი ქალები. ვინაიდან ჯგუფი მთლიანად მამაკაცებისგან შედგებოდა, ბოლოს დაჭრილი ქალები ქვების ქვეშ დატოვეს, ვიდრე სხვა სოფლებიდან ქალები მოვიდოდნენ და თავად დაიწყებდნენ მათ ამოყვანას. იმ ქალებს, რომლებიც საკუთარი ძალებით გამოვიდნენ ნანგრევებიდან, სამედიცინო დახმარებასაც კი არ უწევდნენ.
„თითქოს ქალები უხილავები იყვნენ. ჯერ მამაკაცებსა და ბავშვებს ეხმარებოდნენ, ქალები კი განცალკევებით ისხდნენ და დახმარებას ელოდებოდნენ,“ - თქვა მოხალისემ.
ავღანეთის თალიბანურმა ხელისუფლებამ გაავრცელა მონაცემები, რომლის მიხედვითაც მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2200 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 3600 დაიჭრა. თუმცა სტატისტიკაში გენდერული განაწილება არ გაჟღერებულა.