„რუსული ზონა უკვე შექმნილია“ - ორბანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინა „სამ ნაწილად გაიყოფა“

08.09.25 11:06
„რუსული ზონა უკვე შექმნილია“ - ორბანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინა „სამ ნაწილად გაიყოფა“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ცინიკურად განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, მისი ტერიტორია სამ ზონად გაიყოფა – რუსულ, დემილიტარიზებულ და დასავლურ ზონებად. ამის შესახებ Magyar Nemzet წერს.

მისი თქმით, ევროპაში მიმდინარე დისკუსიები უსაფრთხოების გარანტიებზე, ფაქტობრივად, უკვე აღიარებს „რუსული ზონის“ არსებობას, ახლა კი საუბარია მხოლოდ მის ზომასა და ფორმატზე. ორბანის განცხადებით, დემილიტარიზებული ზონის საკითხიც ჯერჯერობით ღია რჩება.

უკრაინის ბედი, როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილია. დღეს ევროპაში "ელეგანტურად" მსჯელობენ უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ ეს გარანტიები, ფაქტობრივად, ნიშნავს უკრაინის დაყოფას. შედეგი იქნება: რუსული ზონა, დემილიტარიზებული ზონა და დასავლური ზონა. რუსული ზონა უკვე არსებობს. ახლა კი დებატები მიმდინარეობს მხოლოდ იმაზე, რამდენ რეგიონს უნდა მოიცავდეს ის, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

გარდა ამისა, ორბანმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, რადგან მისი თქმით, ეს ნაბიჯი ომს გამოიწვევს რუსეთთან და დააზიანებს ევროპის ეკონომიკას.

ამასთან, მან მოუწოდა, რომ დასავლეთმა და რუსეთმა გააფორმონ შეთანხმება „სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ასევე ითვალისწინებს, რომ უკრაინა უარს იტყვის ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე.