პოლონეთში რუსული დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა
ლუბლინის სავოევოდოში რუსული უპილოტო აპარატი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინციდენტი ვირიკის დასახლებულ პუნქტში (ვლოდავის უბანი) მოხდა, - იტყობინება Polsat News.
დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა შენობის სახურავი და მის გვერდით გაჩერებული ავტომობილი. ლუბლინის პოლიციის ინსპექტორის მოადგილის, ანდჟეი ფიოლეკის თქმით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
ვლოდავის მერმა მარიუშ ზანკომ დაადასტურა ფაქტი და აღნიშნა, რომ ამჟამად იკვლევენ ყველა გარემოებას:
„ჯერ არ ვიცით ზუსტი დეტალები: გაურკვეველია, თვითონ დრონი დაეცა შენობაზე თუ ნამსხვრევები. როგორც მესმის ადგილობრივებისგან, ხალხმა გაიგონა აფეთქება, ასევე ნახეს პოლონეთის გამანადგურებლები. სიტუაცია რთული და შემაშფოთებელია.“
ჩინოვნიკმა დაამატა, რომ მოსახლეობაში შეინიშნება მნიშვნელოვანი შეშფოთება. ადგილზე მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ზიანის მასშტაბებს აფასებენ.