"ეს პროვოკაცია შეუდარებლად უფრო საშიშია" - პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა
ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისი თქმით, დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ქვეყანაში ბელარუსიდან შეფრინდა.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატებთან საუბრისას განაცხადა, "ეჭვგარეშეა, რომ ეს პროვოკაცია შეუდარებლად უფრო საშიშია, ვიდრე წინა პროვოკაციები", ამიტომაც, პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.
მე-4 მუხლი წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, საკითხი ალიანსის გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოში, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში დააყენონ, რის შემდეგაც გაიმართება კონსულტაციები იმის დასადგენად, დაემუქრა თუ არა წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე.
„ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინელებისთვის. ეს არის დაპირისპირება, რომელიც რუსეთმა მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ გამოაცხადა“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.