ნეპალში კორუფციის წინააღმდეგ პროტესტს 72 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 2 113 მოქალაქე
ნეპალში კორუფციის წინააღმდეგ გასულ კვირას გამართულ აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა.
უწყების ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ ცხედრების ამოყვანას სავაჭრო ცენტრებიდან და სხვა შენობებიდან, რომლებიც არეულობისას დაიწვა ან დაზიანდა.
„ამჟამად აღმოჩენილია მრავალი ადამიანის ცხედარი,“ - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა პრაკაშ ბუდატოკიმ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია არანაკლებ 2 113 ადამიანი. საპროტესტო ტალღის დროს ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოსა და პარლამენტის კორპუსებს, პოლიციის პოსტებსა და პოლიტიკოსების სახლებს - პრეზიდენტ რამჩანდრა პაუდელისა და უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის შარმა ოლის რეზიდენციებს.
შარმა ოლიმ თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. მისი მოვალეობის შემსრულებლად უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე სუშილა კარკი დაინიშნა, რომელიც 5 მარტისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.