ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო - Axios

16.09.25 10:15
ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო - Axios

15 სექტემბერს ისრაელის არმიამ დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ქალაქ ღაზას დასაკავებლად. ნეთანიაჰუს მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანია ჰამასის განადგურება. ამის შესახებ Axios წერს. 

გამოცემის თანახმად, ეს ნაბიჯი ომის ესკალაციას ნიშნავს და მოაქვს მეტი მსხვერპლისა და ჰუმანიტარული კრიზისის რისკი. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ უკვე თითქმის 65 000 პალესტინელი დაიღუპა, მათგან უმეტესობა - ქალები და ბავშვები.

ისრაელმა გააძლიერა ავიადარტყმები, გაანადგურა მრავალი შენობა და მოუწოდა მილიონამდე პალესტინელს, დატოვონ ქალაქი. ამ დროისთვის დაახლოებით 300 000-მდე ადამიანი უკვე წავიდა სამხრეთში.

ოპერაცია დაიწყო რამდენიმე საათში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვიზიტის შემდეგ. Axios-ის ცნობით, ვაშინგტონი მხარს უჭერს სახმელეთო ოპერაციას, თუმცა მოითხოვს, რომ ის სწრაფად დასრულდეს.

აშშ არ აპირებს ისრაელის შეჩერებას და აძლევს მას თავისუფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები ომის შესახებ გაზას სექტორში.