"ცუდი რაღაცეები მოხდება" - ტრამპი ავღანეთს ემუქრება

21.09.25 10:31
"ცუდი რაღაცეები მოხდება" - ტრამპი ავღანეთს ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთს აფრთხილებს, რომ „ცუდი შედეგები“ ექნება, თუ ქაბულის მახლობლად მდებარე ბაგრამის ავიაბაზას შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებს. თალიბანის მმართველობამ უკვე განაცხადა უარი ამ წინადადებაზე.

„თუ ავღანეთი არ დაგვიბრუნებს ბაგრამს, ცუდი რაღაცები მოხდება“, – დაწერა ტრამპმა 20 სექტემბერს პლატფორმაზე Truth. ჟურნალისტების შეკითხვაზე, განიხილავდა თუ არა სამხედროების გაგზავნას, მან მოკლედ უპასუხა: „ამაზე არ ვილაპარაკებთ“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ბაზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ ჩინეთის ბირთვულ ობიექტებთან სიახლოვის გამოც. მისი თქმით, ამერიკა მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ თუ შეთანხმება ვერ შედგება, „გაიგებთ, რას ვაპირებ“.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ვაშინგტონი თალიბანთან განიხილავს ბაზის გამოყენების შესაძლებლობას ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ობიექტი სერიოზულ დაცვას საჭიროებს, რადგან შესაძლოა კვლავ გახდეს ტერორისტული თავდასხმების სამიზნე.

ბაგრამის ავიაბაზა, რომელიც 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ააშენა და მოგვიანებით აშშ-მ განაახლა, 20 წლის განმავლობაში ამერიკის უმსხვილეს სამხედრო ცენტრს წარმოადგენდა ავღანეთში. 2021 წლის ივლისში ის ავღანეთის ხელისუფლებას გადაეცა, რის შემდეგაც თალიბანმა ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.

თალიბანის საგარეო უწყებაში ტრამპის მუქარა უარყვეს, თუმცა განაცხადეს, რომ მზად არიან დიალოგისთვის და ურთიერთობების განვითარებისთვის „ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე“.

მსგავსი სიახლეები