რუსებმა კიევს, სუმს და ზაპოროჟიეს დაარტყეს - არის მსხვერპლი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ღამით უკრაინის კიევის ოლქს დაარტყეს - რამდენიმე რაიონში საცხოვრებელი შენობები იწვის და დაშავებულია ერთი ადამიანი. ობუხივის რაიონში, რუსების ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები მაღალსართულიან შენობას დაეცა. გარდა ამისა, ვიშგოროდის რაიონში ტყის მასივის ხანძარი დაფიქსირდა, ხოლო ფასტივსკეში ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა.
ამასთან, რუსებმა გამთენიისას ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს.
თავდასხმის შედეგად, კოვპაკოვსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა და სამრეწველო ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.
გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ქალაქს მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.