მაკრონი: ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა. ამიტომ, ახლა უნდა გავზარდოთ ზეწოლა, რათა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს

22.09.25 10:38
მაკრონი: ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა. ამიტომ, ახლა უნდა გავზარდოთ ზეწოლა, რათა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს

"ყველანი ვთანხმდებით, რომ პრობლემა რუსეთშია, რადგან მათ არ სურთ მშვიდობა. ამიტომ, ახლა ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა, რათა რუსეთი დავარწმუნოთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს" - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მაკრონის თქმით, პუტინს არ სურს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთ მაგიდასთან დაჯდომა და როდესაც ამერიკა და ევროპა ცდილობენ მას ეს გააკეთებინოს, მაშნვე რუსეთი ზრდის თავდასხმებს დონბასში - "მაგრამ არა მხოლოდ დონბასში, ერთი მხრიდან აძლიერებდნენ პროვოკაციებს და მეორე მხრიდან კიევზე თავდასხმებს".

"ძალიან ცხადია, რუსეთი ევროპაში დესტაბილიზაციისა და აგრესიული ძალაა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ გააძლიერეს თავდასხმები კიევზე და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირეს. მათ გაანადგურეს უკრაინის მთავრობის ოფიციალური შენობები, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და ევროკავშირის შენობები. ამავდროულად, იმავე კვირების განმავლობაში, მათ დაარღვიეს პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე. აქ შეცდომა არ არის. არსებობს უბრალოდ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მაქსიმალური ტერიტორიების განადგურებას, უკრაინაში გამარჯვების მოპოვებას და უბრალოდ იმის ხაზგასმას, რაც მათ სურთ, ნატოს სისუსტეზე...
მე გულწრფელად მჯერა, რომ თქვენი პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] ერთგული იყო და ერთგულია უკრაინაში მშვიდობის დამყარების, და ის ჩაერთო, მან რისკი აიღო, რომ პრეზიდენტ პუტინს შეხვედროდა ანკორიჯში და მან მოლაპარაკებები მოითხოვა. ამავე დროს, მე უნდა ვაღიარო, რომ პრეზიდენტ პუტინის მხრიდან არ არსებობს მკაფიო სურვილი, გულწრფელად ჩაერთოს ასეთ ნაბიჯში, რადგან როდესაც ჩვენ ვმუშაობდით დიპლომატიურ გზაზე, როდესაც ვცდილობდით ორმხრივი, სამმხრივი, ოთხმხრივი სამიტის ორგანიზებას, რუსები ზრდიდნენ თავდასხმებს დონბასში, მაგრამ არა მხოლოდ დონბასში, ერთი მხრიდან აძლიერებდნენ პროვოკაციებს და მეორე მხრიდან კიევზე თავდასხმებს.

 

ასე რომ, მე უბრალოდ ვუყურებ ფაქტებს და თქვენი პრეზიდენტიც ასევე უყურებს ფაქტებს. ახლა რა ვქნათ? ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ.
 

პარალელურად, მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. როდესაც ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ჩავედით, ავიღეთ ვალდებულება, რომ ვიმუშავებთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და ეს ვალდებულება შევასრულეთ. რამდენიმე დღის წინ, პარიზში, ჩვენ,  „მსურველთა კოალიცია“  შევიკრიბეთ. 30 ქვეყანა ერთად მუშაობს, რათა უკრაინას მშვიდობის მეორე დღეს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. ასე რომ, ახლა ყველა ეს ელემენტი გვაქვს ევროპელების ისტორიული ვალდებულებით, რომლებიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ...გვჭირდება პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური გაძლიერება, რათა კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდეთ...ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით, რომ მშვიდობა გვინდა. ყველანი ვთანხმდებით, რომ პრობლემა რუსეთშია, რადგან მათ არ სურთ მშვიდობა. ამიტომ, ახლა ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა, რათა რუსეთი დავარწმუნოთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს" - აცხადებს მაკრონი.