კოპენჰაგენის აეროპორტთან დრონები შენიშნეს -რამდენიმე ფრენა გაუქმდა
22 სექტემბრის საღამოს დანიასა და ნორვეგიის დედაქალაქების საჰაერო სივრცე დაუდგენელმა დრონებმა დაარღვია, შედეგად კოპენჰაგენსა და ოსლოს აეროპორტები დაიხურა.
აეროპორტებში რამდენიმე რეისი გაუქმდა, დანარჩენები კი გადამისამართდა.
კოპენჰაგენის პოლიციის განცხადებით, ადგილზე ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია მიმდინარეობს.
კოპენჰაგენში საჰაერო სივრცის დახურვის მიუხედავად, ერთი თვითმფრინავი იძულებული გახდა საგანგებო დაშვება განეხორციელებინა, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე, მიზეზი სხვა აეროპორტში გადამისამართებისთვის არასაკმარისი საწვავი გახდა.
ასევე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე, ნორვეგიის დედაქალაქში, აკერშუსის ციხესიმაგრის თავზე დრონები გამოჩნდა. საპასუხოდ, ნორვეგიის პოლიციამ დაიწყო ოპერაცია და განაცხადა ინციდენტთან დაკავშირებული ორი სინგაპურის მოქალაქის დაკავების შესახებ.
მოგვიანებით, 23:30 საათზე, ოსლოს აეროპორტ "გარდერმოენის" თავზე რამდენიმე დრონი დაფიქსირდა. თავდაპირველად, მთელი მოძრაობა ერთ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე გადაერთო. თუმცა, ერთი საათის შემდეგ კიდევ ერთი დრონის გამოჩენის შემდეგ, აეროპორტი მთლიანად დაიხურა.