საქართველოზე რუსეთის თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო - ნავროცკი

24.09.25 11:01
საქართველოზე რუსეთის თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო - ნავროცკი

საქართველოზე 2008 წელს რუსეთის თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ  გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა რუსული იმპერიალიზმის მორიგი გამოვლინებაა.

„როდესაც რუსეთმა საქართველოზე თავდასხმა განახორციელა, ყველასთვის ნათელი არ იყო, რომ ეს კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო, სამწუხაროდ, ისტორიის ქარი, რომელიც პოლონეთში ასე კარგად ვიცით და გვესმის, ისევ იწყებს ქროლვას,- განაცხადა ნავროცკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე.

ნავროცკიმ ხაზი გაუსვა, რომ დრონების მიერ პოლონეთის საზღვრების დარღვევა "შემთხვევითობა" არ ყოფილა და ეს რუსეთმა განზრახ გააკეთა. 

"დაახლოებით ათობით დრონმა ჩემი ქვეყნის საზღვრები განზრახ დაარღვია. ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს მოხდა იმ ქვეყნის დედაქალაქში გაცემული ბრძანებით, რომელიც უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრია". - თქვა ნავროცკიმ.

მისი თქმით, ამ ინციდენტმა პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აიძულა ცეცხლი გაეხსნა მტრის ობიექტებისთვის. 

მსგავსი სიახლეები