დანიაში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო აეროპორტი დაიხურა - მედია
დანიაში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო კიდევ ერთხელ დაიხურა ერთ-ერთი აეროპორტი. ეს უკვე მესამე მსგავსი ინციდენტია ბოლო რამდენიმე დღეში.
მეორედ დღე-ღამის განმავლობაში აიკრძალა საჰაერო სივრცის გამოყენება ოლბორგის აეროპორტის თავზე. ინფორმაციას ადასტურებს ჩრდილოეთ იუტლანდიის პოლიციის სამმართველოს უფროსი კრისტიან ტილსტედი, რომელმაც კომენტარი გაზეთ Ekstra Bladet-ს მისცა.
„აეროპორტი დაიხურა 23:40 საათზე, არსებობდა ეჭვი, რომ შესაძლოა დრონი იქნა შენიშნული. ადგილზე უკვე გვყავდა პოლიცია, ახლა კი დამატებითი ძალებიც მივიდნენ. დადასტურებული არ არის, რომ ეს ნამდვილად დრონი იყო, მაგრამ მიიჩნევა, რომ ვიღაცამ დრონი დაინახა ამ ტერიტორიაზე და სწორედ ამიტომ მიიღო აეროპორტმა საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ტილსტედმა.
გამოცემის ჟურნალისტის ცნობით, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფება, აეროპორტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველებია მობილიზებული.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება აეროპორტის მუშაობის შეჩერება.
„დღეს ღამით ცა ძალიან ვარსკვლავიანია, როგორც გუშინ, ამიტომ ერთმანეთის გარჩევა საკმაოდ რთულია და ჯერ უნდა გადავამოწმოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი თვითმფრინავი უკვე გადამისამართდა,“ – ციტირებს გამოცემა მორიგე ხელმძღვანელის სიტყვებს.