კრემლის ჩავარდნილი გეგმა - რუსეთი მოლდოვაში დამარცხდა
მოლდოვაში რუსეთი დამარცხდა - ეს არის მსოფლიოს სათქმელი მას შემდეგ, რაც პარლამენტში მაია სანდუს პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა. ხმები სრულად დათვლილია, 50,2 პროცენტით სანდუს პარტია ლიდერია. დღეს, მოლდოვის პრეზიდენტი უკვე ხმამაღლა ლაპარაკობს რუსულ ჩარევაზე, პარტიების დაფინანსებაზე, მოსყიდვასა და დაშინებაზე, რომელმაც ვერ გაჭრა. მოლდოველმა ხალხმა ევროპა აირჩია და ეს არჩევნები ევროკავშირის წევრობის გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯია.
მეორე ადგილს პრორუსული პატრიოტული ბლოკი იკავებს - 24 პროცენტით, ექსპრეზიდენტ დოდონის ხელმძღვანელობით, რომელმაც თავი ჯერ გამარჯვებულად გამოაცხადა, შედეგების ნახვის შემდეგ კი ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. იგორ დოდონი ხელს ემიგრანტებისკენ იშვერს. საზღვარგარეთ გახსნილ 300-ზე მეტ უბანზე მოლდოვის 264 ათასმა მოქალაქემ მისცა ხმა. მოლდოვას მაგალითმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს დიასპორისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობას.
იგორ დოდონის დაანონსებული პროტესტი დიდხანს არ გაგრძელებულა, პარლამენტის წინ შეკრებილებმა მხოლოდ 1 საათი გაძლეს.
ეს პროტესტი რუსეთის კიდევ ერთ მცდელობად აღიქმება, მოლდოვაში არეულობა გამოიწვიოს. კრემლში ამბობენ, რომ არჩევანი ყველას არ გაუკეთებია. არჩევნების დღე კიბერშეტევების ფონზე მიმდინარეობდა, მთავარი სამიზნე საარჩევნო ინფრასტრუქტურა იყო. ევროპასა და ამერიკაში კი უბნებზე ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინებები იგზავნებოდა.
მაია სანდუ და მოლდოვა ახლა მოლოცვებს იღებენ, ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ პუტინისთვის ეს არჩევნები რთული გაკვეთილი იყო.