ტრამპი და ნეთანიაჰუ ღაზაში ომის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - დასახელდა საბოლოო პირობები
მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ გამართეს პრესკონფერენცია, სადაც ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის გეგმაზე ისაუბრეს.
კერძოდ, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა წარადგინა 20-პუნქტიანი გეგმა.
დოკუმენტის მიხედვით, ღაზაში შეიქმნება დროებითი გარე მმართველობა საერთაშორისო მონაწილეობის საფუძველზე. ასევე განთავსდება საერთაშორისო ძალები სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.
- იძულებითი გადასახლება არ მოხდება.
- ჰამასი ჩამოშორდება მართვის სადავეებს. თუ ამ მოძრაობის წევრები იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებენ, მათ ჰპირდებიან ამნისტიას.
- ისრაელის ოფიციალური თანხმობის შემდეგ 72 საათში ყველა მძევალი, ცოცხალი თუ გარდაცვლილი, უნდა გათავისუფლდეს.
- ისრაელი მზად არის, გაათავისუფლოს სამუდამო სასჯელმოხდილი 250 პირი და 1700 ადამიანი, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ იქნა დაკავებული.
„ჩვენ ვქმნით ღაზის მმართველ საბჭოს. იქ შევა მრავალი ღირსეული ადამიანი. მეც შევალ, ტონი ბლერი, ვიმუშავებთ მსოფლიო ბანკთან და სხვა ინსტიტუტებთან. ჰამასი არ ითამაშებს რაიმე როლს ღაზის მართვაში – არც პირდაპირ და არც ირიბად“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპის გეგმაში არ შედის ანკლავის ანექსია ან ოკუპაცია ისრაელის მიერ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გეგმაზე შეთანხმებისთვის.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, უფრო ახლოს, ვიდრე ოდესმე... საუბარია არა მხოლოდ ღაზის მომავალზე, არამედ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობაზე. ეს არის ისტორიული დღე. ირანი, ვაჭრობა, „ავრახამის მშვიდობის ხელშეკრულების“ გაფართოება (არაბთა გაერთიანებულ ემირებსა და ისრაელს შორის), ომის დასრულება ღაზაში – როგორც ერთიანი გეგმის ნაწილი. მხარდაჭერა, რომელიც რეგიონის ქვეყნებიდან ვიგრძენით – დაუჯერებელია“, – განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ჰამასი არ დაეთანხმება შეთავაზებას, ისრაელი იძულებული იქნება, გააკეთოს ის, რაც საჭირო იქნება.
„ხალხს სურს მშვიდობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰამასი ღაზის მოსახლეობამ აირჩია. ისრაელმა ეს მიწა მშვიდობისთვის დათმო. საუკეთესო მიწა. საერთოდ ვინ აკეთებს ასე? და ჰამასმა იქ ასობით მილი სანგრები და ტერორისტული ინფრასტრუქტურა ააშენა საავადმყოფოებში, სკოლებში, მეჩეთებში“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა ისრაელთან და ყატართან ერთად სამმხრივი ფორმატის შექმნის შესახებ, რათა მომავალში გაუგებრობები თავიდან იქნას აცილებული.
იმავდროულად, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მძევლები და ჩააბაროს იარაღი, შემდეგ კი ისრაელი მზად არის „მოკრძალებული უკანდახევისთვის“.
„თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ომის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევისკენ. აი, ჩვენი გეგმა: ყველა მძევალი დაუყოვნებლივ ბრუნდება სახლში. ჰამასი განიარაღებულია, გაზა განიარაღებულია. ჰამასი ჩამოშორებულია ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე დაამატა, რომ თუ ჰამასი არ დაეთანხმება ტრამპის გეგმას ან მხოლოდ მოჩვენებით დაეთანხმება, მაგრამ სხვაგვარად იმოქმედებს, მაშინ ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
„კარგით თუ ცუდით – ყველა მიზანი შესრულდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.