ოდესის ოლქში სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვი
ძლიერი წვიმის შედეგად, რომელიც 30 სექტემბრის ღამეს დაიწყო და მრავალი საათის განმავლობაში გაგრძელდა, ოდესის ოლქში 9 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არის ბავშვიც. ინფორმაციას რეგიონული საგანგებო სიტუაციების სამსახური ადასტურებს.
„თითქმის მთელი დღეა მაშველები ოდესასა და ოდესის რაიონში უამინდობის შედეგებს ებრძოდნენ. ცნობილია 9 დაღუპულის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია,“ – განაცხადეს უწყებაში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ადამიანებს დატბორილი ადგილებიდან გამოსვლაში ეხმარებოდნენ, ასევე ავტომობილების გამოყვანაში და შენობებიდან წყლის ამოტუმბვაში.
ოპერაციებში მონაწილეობდა 255 მაშველი და 68 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
ამ დროისთვის სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, გადარჩენილებს შორის არიან 7 სამგზავრო ავტობუსის მგზავრები, მათ შორის ერთი – საერთაშორისო რეისის.
უამინდობის გამო ბევრი ადგილობრივი ვერ დაბრუნდა სახლში და ღამე სამუშაო ადგილას გაათენა.