დრონების გამო მიუნხენის აეროპორტში ფრენები შეჩერდა
გერმანიის ერთ–ერთ უმსხვილეს ჰაბში, მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში, 2 ოქტომბრის ღამით ფრენები დროებით პარალიზებული იყო. მიზეზად აეროპორტის მიმდებარედ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენა დასახელდა.
ინციდენტის შედეგად ვერ შესრულდა 17 რეისი და შპრობლემები შეექმნა 3 000 მგზავრს. პარალელურად, მიუნხენმა ვერ მიიღო 15 რეისი. ავიაკომპანიებს მოუწიათ თვითმფრინავების გადამისამართება შტუტგარტში, ნიურნბერგში, ფრანკფურტსა და ვენაში.
პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება. მსგავსი შემთხვევები მხოლოდ გერმანიაში არ დაფიქსირებულა - სექტემბრის მეორე ნახევარში დრონებმა ავიამიმოსვლას სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა დანიასა და ნორვეგიაშიც. მათი წარმომავლობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა დასავლეთში სჯერათ, რომ ინციდენტების უკან რუსეთი დგას, რომელიც ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
გარდა ამისა, სექტემბერში პოლონეთმა, ესტონეთმა და რუმინეთმა განაცხადეს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, რაც დრონებსა და რუსულ გამანადგურებლებს დაუკავშირეს.
28 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ტანკერებს იყენებს დრონების გასაშვებად და სამართავად, რაც მისი თქმით, დამატებითი არგუმენტია იმისთვის, რომ ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებისთვის ბალტიისა და სხვა ზღვები დაიხუროს.