ტერაქტი მანჩესტერში – სინაგოგასთან თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა, რამდენიმე მძიმედ დაშავდა
ჩრდილო ინგლისში, მანჩესტერში მდებარე სინაგოგასთან 2 ოქტომბერს მძიმე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ჯერ ავტომობილით ხალხს შეაჯახა, შემდეგ კი დანით შეიარაღებული იერიში მიიტანა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამზე მეტი კი სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ადგილზე ჩაცხრილეს. თავდაპირველად პოლიცია მისი სიკვდილის დადასტურებას ერიდებოდა, რადგან მამაკაცს ეცვა ჟილეტი, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილობას ჰგავდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ მას ბომბი არ ჰქონია.
ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა შემთხვევას ოფიციალურად ტერორისტული აქტის სტატუსი მიანიჭა. გამოძიების მიხედვით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი არის 35 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, სირიული წარმოშობის ჯიჰად ალ-შამიე, რომელიც ბავშვობაში ჩამოვიდა ქვეყანაში და 2006 წელს მიიღო მოქალაქეობა.
პოლიციამ ტერორისტულ აქტში შესაძლო კავშირის გამო დამატებით სამი პირი - ორი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავა.
ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც მართლმადიდებელი ებრაული თემის წევრები იომ კიპურის, იუდეველთა კალენდრის ყველაზე წმინდა დღის აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილი. პოლიციის ცნობით, დაღუპულები ებრაელი თემის წარმომადგენლები არიან.