დრონების შეტევის გამო რუსეთში 8 აეროპორტი დროებით დაიხურა

06.10.25 10:33
დრონების შეტევის გამო რუსეთში 8 აეროპორტი დროებით დაიხურა

6 ოქტომბრის ღამით რუსეთის რიგ ქალაქებში, კალუგაში, ტამბოვში, სოჭში, კრასნოდარში, გელენჯიკში, იაროსლავლში, სარატოვში და ნიჟნი ნოვგოროდში, დროებით შეჩერებული იყო აეროპორტების მუშაობა. ამ შესახებ რუსული მედია იტყობინება.

რეისების შეფერხების მიზეზები ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთის მრავალ რეგიონში გამოცხადდა დრონებით შესაძლო თავდასხმის საფრთხე. რუსულ ტელეგრამ-არხებში ასევე იუწყებოდნენ აფეთქებების შესახებ რიაზანთან ძერჟინსკთან, ნიჟნი ნოვგოროდთან, ტუაფსესა და სოჭის მიმდებარე ტერიტორიებზე.

დრონები თავს დაესხნენ მოსკოვის ოლქსაც. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ჩამოაგდეს დედაქალაქის მიმართულებით გაფრენილი უპილოტო საფრენი აპარატი.

ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, შეტევა განხორციელდა ენერგეტიკულ ობიექტებზე ბელგოროდის და ბრიანსკის ოლქებში, ასევე ფეოდოსიის ნავთობსაცავზე (ოკუპირებულ ყირიმში) და ძერჟინსკის სვერდლოვის ქარხანაზე, სადაც ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებენ.

დილის საათებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით მათი საჰაერო თავდაცვის ძალებმა თითქოსდა ჩამოაგდეს და გაანადგურეს 251 უკრაინული დრონი.