რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებს დაარტყა
რუსეთის ჯარები გასული ღამის განმავლობაში ისევ უტევდნენ უკრაინის რეგიონებს. ძირითად სამიზნეებს შორის კვლავ ენერგოობიექტები იყო.
„ჩერნიჰივობლენერგოს“ ცნობით, 8 ოქტომბრის ღამეს, რუსეთის არმიამ ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნიჟინში ელექტროობიექტზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად 4500 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ნიჟინის მერის, ალექსანდრ კოლოდას ცნობით , რუსეთმა ასევე 12 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით ნოსივკა-ნიჟინის მონაკვეთზე სატვირთო მატარებელს შეუტია. კოლოდას თქმით, ჩერნიგოვის რეგიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად ასევე დაზიანდა პრილუკიში მდებარე ნავთობსაწყობი.
8 ოქტომბერს, დილით უკრაინის კერძო ენერგოკომპანიამ ДТЕК განაცხადა, რომ დარტყმა იყო კომპანიის თბოელექტროსადგურზე, რომლის დანადგარები სერიოზულად დაზიანდა. დაიჭრა ორი ენერგეტიკოსი. კომპანიამ არ დააკონკრეტა, სად მდებარეობს ეს თბოელექტროსადგური.
ასევე, ბელგოროდის ოლქის სოფელ მასლოვა პრისტანში დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, ამის შესახებ გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. გლადკოვმა დასძინა , რომ კიდევ სამი ადამიანი დაშავდა ბელგოროდის ოლქის სოფელ მოშჩენოეში დაბომბვის შედეგად.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით , 8 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 183 დრონი გაუშვა . ხერსონის რეგიონში რუსული დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით , ასევე დაზიანდა გაზსადენი . რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ლისაკის თქმით , დნეპროპეტროვსკის რეგიონში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა .