ზელენსკი ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სოციალურ ქსელ X-ზე, ზელენსკი წერს, რომ დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა.
„პრეზიდენტ ტრამპს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მიერ ჩვენს ენერგოსისტემაზე თავდასხმების შესახებ და ვაფასებ მის მზადყოფნას, რომ დაგვეხმაროს. განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე კონკრეტული შეთანხმებები, რომლებზეც ამის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ. აუცილებელია, რუსეთის მხრიდან რეალური დიპლომატიისთვის მზაობა არსებობდეს. ამის მიღწევა ძალის მეშვეობით შეიძლება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, „აშშ-ის პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთში მიღწეული შეთანხმება მიულოცა“.
„ეს განსაკუთრებული მიღწევაა. თუ ომის ერთ რეგიონში შეჩერებაა შესაძლებელი, მაშინ სხვა ომების შეჩერებაც შესაძლებელია, მათ შორის, რუსეთის ომის“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.