ესტონეთის საზღვართან შეიარაღებული ჯგუფები გამოჩნდნენ - მედია
10 ოქტომბრის საღამოს, ესტონეთისა და რუსეთის საზღვარზე შეიარაღებული პირების მრავალრიცხოვანი ჯგუფის გადაადგილება შენიშნეს. ამის გამო პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტმა დროებით დახურა მოძრაობა ე.წ. „საატსესის ჩექმას“ მონაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ესტონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე, წერს ERR.
დეპარტამენტმა გამოაქვეყნა კადრებიც, სადაც გზაზე შვიდი შეიარაღებული მამაკაცი ჩანს. გზის დახურვის გადაწყვეტილება, რომლის ნაწილი რუსეთის ფედერაციის ფსკოვის ოლქის ტერიტორიაზე გადის, მიიღეს შესაძლო პროვოკაციებისა და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.
„პარასკევს, 10 ოქტომბერს, ჩვენი პატრულები მთელი დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ, რომ რუსულ მხარეს საატსესის რაიონში ჩვეულზე ბევრად უფრო აქტიური მოძრაობა იყო. ვხედავდით სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფების გადაადგილებას საზღვარზე და მის სიახლოვეს. მათი ფორმით აშკარა იყო, რომ სასაზღვროები არ იყვნენ,“ — განაცხადა პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის სამხრეთის პრეფექტურის სასაზღვრო დაცვის ბიუროს უფროსმა მეელის საარეპუუმ.
მისი თქმით, ჯგუფები გზაზე 15:00 საათიდან გამოჩნდნენ; თუ თავდაპირველად გზაზე გადაადგილდებოდნენ, ერთ მომენტში იგივე გზაზე გადალაგდნენ და გადაკეტეს.
„ეს ჩვენთვის აშკარა საფრთხე იყო. დავიწყეთ ავტომობილების გაჩერება "საატსესის ჩექმას" ორივე მხარეს, ვუხსნიდით ვითარებას და ვაფრთხილებდით იქ მიმდინარე პატრულირებაზე. მძღოლების უმეტესობამ გზა გააგრძელა, ზოგმა - უკან დაიხია,“ - დაამატა საარეპუმ.
ესტონეთის სასაზღვრო სამსახურმა როცა რუსეთის მხარეს ჰკითხა, რა ხდებოდა მათ ტერიტორიაზე, იქ პასუხად განაცხადეს, რომ ეს არის „აბსოლუტურად საშტატო ღონისძიებები“.